Skip to content

მასონიზმის გამოვლინებები (?!)

May 28, 2012

ისტორიის გაკვეთილზე რომ ხშირად არაჩვეულებრივი თემა წამოიჭრება (რაც გაკვეთილს არ ეხება ხოლმე ხანდახან) ეს ამ პოსტშიც მაქვს ნათქვამი. დღესაც ასე მოხდა. საქმე ისაა, რომ მოსამზადებელი გვქონდა დაახლოებით ათ ფურცლიანი, ნებისმიერი ისტორიული თემა. დღეს კი ვისაუბრეთ უკვე ჩაბარებულ თემებზე, მასწავლებელმა კი აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მოსწავლის (რომელიც ჩვენს პარალელურ კლასსში იყო) თემის პრეზენტაციას აუცილებლად გააკეთებდა, რადგან ძალიან საინტერესო თემაზე ჰქონდა მოძიებული მასალა. თემა კი გახლდათ “მასონიზმი”

უდავოდ საინტერესო და მრავლის მომცველი თემა იქნება დარწმუნებული ვარ. მეც აუცილებლად დავესწრები პრეზენტაციას და უფრო ბევრ რამეს შევიტყობ მასონიზმის შესახებ. თუმცა ახლა მასონიზმზე საუბარს სულაც არ ვაპირებ. (თუნდაც იმიტომ რომ საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს ამ თემაზე). მინდა მის ასე ვთქვათ ერთ-ერთ გამოვლინებაზე ვისაუბრო. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასწავლებელმა, როდესაც ამაზე საუბარი დაიწყო, თქვა რომ გაგიკვირდებათ მაგრამ წარმოიდგინეთ, აი ბითლები, იცოდით რომ ეს მასონიზმის ერთ-ერთ გამოვლინებად შეგვიძლია მივიჩნიოთ? იცოდით რომ ცნობილი ჯგუფების, აი თუნდაც ფინკ ფლოიდის (ამის ხსენებაზე ბავშვებმა ჩემსკენ გამოიხედეს და ძალიან მესიამოვნა) ან სხვების სიმღერების ტექსტები შებრუნებულად, ანტი ქრისტეს აღიარებას ნიშნავს? ეს მეც ძალიან გამიკვირდა თავიდან, მაგრამ როგორც ჩანს ასეა“. მე რა თქმა უნდა არაფერი გამკვირვებია. სანამ ასეთი მუსიკის მოსმენას დავიწყებდი მანამდე მქონდა წაკითხული რომ არ შეიძლება და რომ საშინელ ზეგავლენას ახდენს ის და რომ ზეპელინის “stairway to heaven”-ის შებრუნებული ტექსტი ნიშნავს “მე შენ გაღიარებ ანტი ქრისტე!” ასე რომ ჩვეულებრივი რეაქციით დავხვდი მოსმენილს და ვცდილობდი ჩემი აზრი გამომეხატა ამ თემის ირგვლივ, თუმცა იმდენს გვესაუბრებოდა რომ შემდეგ ზარმაც მოგვისწრო და ბოლომდე ვერ დავაფიქსირე ჩემი აზრი.

 

 

 

 

 

 

 

 

ნამდვილად. ნამდვილად  წაღმაც თუ უკუღმაც ცუდი ტექსტები აქვს ამ სიმღერებს, ნამდვილად ახდენს ის ადამიანებზე ზეგავლენას, ის ხშირად ხდება მიზეზი დეპრესიისა, “ვენების გადაჭრისა”, თავის მოკვლაზე ფიქრიდა და ბოროტისკენ მისწრაფებისა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ეს პრობლემა არის ინდივიდუალური, დამოკიდებული პიროვნებაზე. ჩემს მაგალითს მოვიყვან ამისთვის. როდესაც ვუსმენ ზეპელინს, ფლოიდს, ფარფლებს ვიღებ უდიდეს სიამოვნებას. მე არ ვუყურებ ტექსტს, არ ვუყურებ რისკენ მომიწოდებს ეს სიმღერა თავისი აფსურდული ტექსტებით. მე ვუსმენ მუსიკას. მუსიკას გესმით? იცით ეს როგორი მცნებაა? როგორი სიტყვაა საერთოდ სიტყვა მუსიკა? ეს რაღაც სხვა სფეროა, სხვა სივრცეა.. მე ვუსმენ არაჩვეულებრივ კომპოზიციებს, ეფექტებს.. ინსტრუმენტების მრავალფეროვნებას. მაოგნებს ის გადასვლები, რომლებიც “Since I’ve been loving you”-შია, ჟღუანტელს მგვრის ერთი შეხედვით ყვირილი, რომელიც ფლოიდის სიმღერაშია, სახელად “the great gig in the sky”.. ჭკუიდან ვიშლები იან გილანის ვოკალზე სიმღერაში “Child in Time” და სასიამოვნოდ მბურძგლავს ტანში “Soldier of fortune”-ს მოსმენისას. რადგან მათგან უმეტესობას ცუდი ტექსტი აქვს და სატანური სიტყვებითაა გაჯერებული ესეიგი ისინი მე თავგზას მიბნევენ ? არასწორ გადაწყვეტილებამდე მივყავარ ? სულაც არა.. ამიტომ არის ეს პრობლემა ინდივიდუალური. დარწმუნებული ვარ საქართველოში ასეთი პრობლემა ხშირი არ არის და ვინც უსმენს ამ ჟანრს, უსმენს სიამოვნებით და არა ტექსტის გააზრებით და ზეგავლენით (თუმცა ყველა სიამოვნებით არ უსმენს, ზოგი იმიტომ უსმენს რომ მოდაშია, სინამდვილეში კი ვერადროს ხვდებიან ზეპელინის ან ფლოიდის ხიბლს!) მაგალითად მამაჩემის მოყვანაც კი შეიძლება. ის სტუდენტობის პერიოდიდან (უფრო ადრეც მგონი) უსმენს ასეთ მუსიკას.. და რა დღეს სატანურად აზროვნებს ? თავის მოკვლას აპირებს ? ვენებს იჭრის ? ბოროტი ზრახვები ამოძრავებს ? არა ბატონო არა..! ეს პრობლემა ინდივიდუალურია ! უცხოეთში, როცა მშობლიურ ენაზე ესმით “მე ვაღიარებ სატანას” , “მე მომწონს ანტი ქრისტე” და ა.შ. მართლა დიდი შანსია ზეგავლენის, მაგრამ აქ როცა არაფრად აგდებ ტექსტს და რომლის ნახევარზე მეტი თარგმნის გარეშე ისედაც არ გესმის, სულაც არ დგება ეს პრობლემა ასე მასიურად. მოგწონს მუსიკა (მუსიკა ჩემთვის სულ სხვაა და ტექსტი მეორეხარისხოვანი) და უსმინე რა. ჰო მართლა, უცხოეთშიც არ არის ასე საგანგაშოდ სიტუაცია. რა არ გახსოვთ ან არ იცით, რომ როდესაც ჯონ ლენონმა თქვა ისეთი პოპულარულები ვართ იესო ქრისტესაც გავუსწარითო, ბითლების კონცეტრზე არავინ მივიდა. ასე რომ ..

Read more…

Spríng in my head

May 23, 2012

ვფიქრდები და ვხვდები რომ ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად მიდის. გაზაფხულს როგორი მოლოდინითაც ველოდი სწორედ ისეთით მოვიდა და ბევრი სასიამოვნო სიახლე დამახვედრა. შეიძლება დასაწყისში არა, მაგრამ თვის ბოლოს მაინც გამომჟღავნდა ეს ყველაფერი და ძალიან კმაყოფილი ვარ. მსუბუქი დღეები მაქვს. დილაობით ვარჯიშით, სკოლით, გართობით და იმის შეგრძნებით რომ საკუთარ თავს უკვე ბევრ რაღაცაში მოვერიე და სიზარმაცეც ასე თუ ისე დავძლიე (თუმცა ბოლომდე არა, რა თქმა უნდა, ეს ისეთი წარმოუდგენელი მგონია..) ასევე დიდი მოლოდინით ველოდები ზაფხულსაც. პირველ რიგში იმიტომ მიხარია რომ უამრავი თავისუფალი დრო მექნება წიგნების წასაკითხათ და არანაირი მაცდუნებელი გარემოებები არ იქნება მწვანე ბუნებაში.. იქნება მარტო სიმშვიდე, რომელიც ნებისმიერ წამს მჭირდება. უბრალოდ ცუდი ისაა რომ იქნება მონატრება, თან ძალიან დიიდი. თუმცა არაფრის დაგეგმვას არ ვაპირებ, ვერ ვიტან გეგმებს და მაგიტომ. სხვა ყველაფერი კარგად მიდის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ყველაზე ხშირად მაქვს ურთიერთობა უფრო გახსნილი და თბილი ვარ. ზამთარში დაწერილ პოსტებში ვამბობდი რომ საშინლად რთული პერიოდი მქონდა, უხეში ვიყავი და ა.შ. ვერ ვიტყვი რომ უხეში აღარ ვარ, ვარ ოღონდ სახლში. ურთიერთობებში კი უფრო ისეთი გავხდი როგორიც შიგნიდან ვიყავი. ვცდილობ დავინახო პოზიტიური თვალით და მოკლედ ძალიან წარმატებულად გამომდოს ადამიანებთან ურთიერთობები და იმ საშინელი პერიოდის დამთავრება.

ვაანალიზებ გაცილებით ბევრ რამეს. ვცდილობ არ ვიყო მეწვრილმანე. ვცდილობ გავიაზრო რომ არ არსებობს იდეალურად არაფერი. ყოველთვის იქნება რაღაც პრობლემა და თუ მე ამ პრობლემას ვუყურე და ვუყურე წინ ვერ წავალ. ეს პრობლემები მე მაძლიერებენ და ცხოვრების აზრზე მოვყავარ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ახლობელ ადამიანებთან ხშირი კონტაქტიდან გამომდინარე ვიგებ უამრავ ახალ აზრს.. დღეს მაგალითად რამდენიმე გოგო ვიყავით შეკრებილები და ძალიან, ძალიან ბევრ რაღაცაზე ვისაუბრეთ. ვამბობდით იმას რასაც აქამდე მათზე ვფიქრობდით, ვამბობდით იმასაც რაც მათში არ მოგვწონდა. არ ვიცი როგორ დაიწყო ასე ლაპარაკი, მაგრამ რაც იყო ნამდვილად გულწრფელი იყო. სიახლეებით სავსეც იყო. მათ კიდევ ერთხელ მიმახვედრეს რომ მე რაღაცის აკვიატება რომ ვიცი იმას აღარ ვიშლი ხოლმე და რომ უხეში ვარ (ან ვიყავი) ცოტა.

ასევე კარგი არის ის, რომ მივდივარ ექსკურსიაზე. ისიც კარგია რომ მივდივარ ფერების ფესტივალზე და როკისა და ალტერნატიული მუსიკის ფესტივალზეც.

ისიც მიხარია რომ თამამი ვხდები უფრო (რაც მე ასე მჭირდება).. და ისიც, რომ ხალხისგან ვგრძნობ სიყვარულს, რასაც აქამდე ვერ ან არ ვხედავდი (ჩემი უხასიათობის თუ არ ვიცი რა ქვია) გამო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აღარც გამოცდების მეშინია, პირიქით მიხარია რომ კომპიუტერთან მიტარდება ქართული, ერთგვარი გამოცდილებაა ეს.. რაც მთავარია საკუთარ თავში ვარ დარწმუნებული, თანაც ძალიან (შეიძლება ზედმეტადაც)

მოკლედ არ ვკარგავ არაფრის იმედს, საერთოდ ჩემთვის იმედი არ კვდება. იმისიც მჯერა რომ ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება.. იმისიც მჯერა რომ დასახულ მიზნებს აუცილებლად მივაღწევ.. ძალიან კარგად ვარ ახლა.. ველაპარაკები წვიმას, დავდივარ გარეთ, ვფიქრობ ბევრს და ვწერ დღიურში. არეული სეზონია თუმცა საკმაოდ დალაგებულად ვგრძნობ თავს:))

ჰო, ბოლოს სიმღერა, რომელიც ეს დღეებია ამოვიჩემე. მართლა საშინელებაა, არაფერი განსაკუთრებულია. პაპსაა. მაგრამ სახასიათოა და მეც ვუსმენ. ისე კი მომღერლებიდან ბოლო კვირაა სტინგი მყავს ამოჩემებული, განსაკუთრებით კი “fields of gold” ))

ეკზიუპერის “პატარა უფლისწული”

May 13, 2012

 

                                                                                                                                                     

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერის (ამის წაკითხვაზე ბავშვობაში ენას ვიტეხდი) წიგნი “პატარა უფლისწული” ადრეული წლების ტკბილ მოგონებად მექცა. ძალიან.. ძალიან ხშირად ვკითხულობდი ამ ნაწარმოებს და აქედან გამომდინარე ხშირად ვმოგზაურობდი კიდეც პატარა უფლისწულთან ერთად სხვადასხვა პლანეტების უსასრულო სამყაროში. რამდენიმე დღის წინ მომინდა ისევ გადამეკითხა ეს წიგნი. სასწრაფოდ მოვძებნე.. ნაცნობმა ყდამ და სათაურმა ჟრუანტელი მომგვარა და მეც კითხვა დავიწყე.

“მე ამ წიგნს მივუძღვნი ბავშვს, რომელიც სრულასაკოვან ადამიანად იქცა. ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც (მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს). ამიტომ მე ასე შევასწორებ ჩემს მიძღვნას: ლეონ ვერტს. როდესაც იგი პატარა ბიჭი იყო.”

წიგნში მოთხრობილ ამბავში, ავტორი თანამონაწილეა. მეორე მთავარ პერსონაჟად კი ქერათმიანი, ლამაზი პატარა უფლისწული გვევლინება. წიგნი ეკზიუპერის ნახატებით არის გაფორმებული, რაც მის კითხვას უფრო საინტერესოს და ორიგინალურს ხდის.
კითხვის პროცესში ვრწმუნდებოდი რომ ბავშვობაში ამას ძალიან მაგარ სიუჟეტად ვთვლიდი, რომლის კითხვაც არ მბეზრდებოდა. მაშინ არ ვფიქრდებოდი ნაწარმოების სიღრმეებსა და ალეგორიული ნათქვამების უკან დამალულ სიმართლეზე. ახლა როცა ამ ყველაფერს მივხვდი ამ ასაკში, მაშინვე გამიასმაგდა ის სიყვარული, რასაც ამ წიგნის მიმართ ვგრძნობდი და ვგრძნობ. საოცრად ცხოვრებისეული, ცხოვრების სირთულეებზე დამხმარე წიგნად გამოგვადგება “პატარა უფლისწული”. წიგნის მთელი ეს ხიბლი და რჩევები ადამიანებთან ურთიერთობის თუ ზოგადად მათი ტიპების გასაცნობად ჩანს იმ თავებში, რომლებშიც უფლისწული სხვადასხვა პლანეტებზე მოგზაურობს. აქ თითქმის ყველანაირ ადამიანის ტიპს ხვდება იგი და სწავლობს რა არის მათში ცუდი ან კარგი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პირველ პლანეტაზე (ასტეროიდზე) უფლისწულმა მეფე გაიცნო. მეფე თითქოს ყველაფერს მართავდა, მზეს, ვარსკვლავებს, მთვარეს, სინამდვილეში კი მას არაფერი ემორჩილებოდა რადგან მის პლანეტაზე არაფერი არსებობდა მის გარდა. ეკზიუპერმა მეფით შეიძლება ითქვას ზედმეტად ამაყი, ამპარტავანი ადამიანი წარმოგვიდგინა, თანაც მსგავსი ადამიანის დახასიათებაც მკაფიოდ გადმოგვცა “მეფეები ძალიან მარტივად ხედავენ ქვეყანას: მათთვის ყველა ადამიანი ქვეშევრდომია”

მეორე პლანეტაზე მყოფი კაცი უფლისწულს სთხოვდა რომ მისთვის თაყვანი ეცა. ის პატივმოყვარე კაცი იყო. ეკზიუპერი კი გვეუბნება “პატივმოყვარე კაცის თვალში ყველა ადამიანი მისი თაყვანისმცემელია. “პატივმოყვარეებს ქების გარდა არაფერი ესმით”

Read more…

შეხედე, ახლა იტირებს

May 12, 2012

საღამო ყველაზე მეტად უყვართ. მარტო ამ დროს გადიან ხოლმე გარეთ და ყველაფერზე ლაპარაკობენ საერთოდ რაზეც შეიძლება კაცმა ილაპარაკოს. არაფერი აქვთ დასამალი. ყველაფერს აკეთებენ რაც მოუნდებათ, რადგან ერთმანეთთან ყოფნის დროს ყოველთვის განსაკუთრებულად არიან ხოლმე. ისინი ხომ ბავშვობიდან დაქალობენ. იცინიან ქუჩაში ხმამაღლა, ხანდახან ხმამაღლაც ფიქრობენ.. წვებიან ძირს და საშინლად ეპასუხებიან მათ, ვინც იმ დროს აივანზე შუქს აანთებს ხოლმე უცებ და ასე სცენასავით მოუწყობს იმ ადგილს, სადაც წამოწოლილები არიან. ყველაზე მეტად წვიმიანი ამინდი უყვართ. დღესაც მაგიტომ გავიდნენ გარეთ. თან საღამოს და თან წვიმაში.

ცოტახნით წვიმდა, მერე გადაიღო და დიდხანს ელავდა. დადიოდნენ ბევრს.. ბოლოს კორპუსის გვერდზე, რაღაც დანგრეულ ცემენტის კიბეებზე დასხდნენ და წვიმის მოლოდინში გაფაციცებით იხედებოდნენ ცისკენ. “შენ კიდე რით ვერ გაწვიმდი რა”.. ჭექა-ქუხილის დროს კი “რას გვეჩხუბები ერთი”, “შეხედე, ახლა იტირებს”. გაწვიმდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შემდეგი სცენა ასეთი იყო: ყველა გარბოდა, კაცი, ქალი, ბავშვი. სულ ყველა. ისინი ისხდნენ კიბეებზე და არაფერს არ ფიქრობდნენ, რადგან რაც კი უცებ თავში მოუვიდოდათ აზრად, ყველაფერს ერთმანეთს ეუბნებოდნენ. შემდეგ ერთს გული აუჩქარდა, ვიღაც დაინახა და იმიტომ. მერე მეორემ უპასუხა მე მეგონა გემოვნება კარგი გქონდაო. სულ ასეთი პირდაპირი იყო ის მეორე. ამ დროს პირველმა გაიცინა და თავი დაადო თან ჩაილაპარაკა “სამაგიეროდ დიდი მხრები აქვს და რაღაცნაირად დადის”.

ფანჯრები დაკეტილი. კაციშვილი არ ჩანს. მხოლოდ წვიმის და ამ კრეტინული მანქანების ხმა ისმის. მაგრამ ტრასა ათას ფერებს ირეკლავს და უცებ.. “მოდი რა გავიქცეთ იქ”.. – კაი. შემდეგ სირბილი… სირბილი წვიმაში და უაზრო, რაღაც არანორმალური სიცილი. რამდენიმე ადამიანის, რომელსაც თავი შეუფარებია მაღაზიის კარებთან გაკვირვებული თვალები. არანაირი ყურადღების მიქცევა და ისევ სირბილი.

ძალიან მაგრად გრძნობდნენ თავს, როდესაც ისევ გადმოვიდნენ გზის მეორე მხარეს. თითქოს იმ დღის ემოციებისგან დაიცალნენ.. ჩამოიწმინდნენ.. გასუფთავდნენ შინაგანად.. და შვება იგრძნეს. შემდეგ აღარ დარბოდნენ. გუბეებში ადგამდნენ ფეხებს და წყალს ასხამდნენ ერთმანეთს. თქვენ გგონიათ იცოდნენ რა უხაროდათ? არა.. ინსტიქტურად მოქმედებდნენ და იცინოდნენ ისტერიკულად. იმათ დაცინოდნენ ვინც ამ დროს გარეთ არ იყო და იმათ ვინც ძალიან სასაცილოდ გარბოდა. მათ წვიმა უყვარდათ. წვიმა კი უფრო და უფრო უშვებდა.

ძალიან დასველდნენ. თავიდან ფეხებამდე. ყვიროდნენ. ბოლოს მობილურმა დარეკა და დაგვაბრუნა რეალობას და ყოველდღიურ რუტინას. “მოვდივარ, დე”. – მოიცა, რა ვუთხრათ ეხლა სახლში? გარეთ ვიყავი და წვიმაში დავრბოდი იდიოტივითო? – არა კაცო, ვუთხრათ ვსეირნობდით იქით და გზაში მოგვისწრო წვიმამ ახლოს არ ვიყავით კორპუსთანო. – კაი – კაი.

ალბათ ეს უკანასკნელი ამ დროს იმაზე ფიქრობდა, თუ “რა უცნაური ხალხია ეს დიდები, ყველაფერი სხვანაირად ესმით და ყველაფერი დაწვრილებით უნდა აუხსნა”. ძალიან მაგრად წვიმდა.
ასეთი ჩანახატის მსგავსი პოსტის დაწერა გაცილებით ადვილია,
მაშინ, როცა მომხდარს აღწერ და არანაირ ფანტაზიას არ ურევ. 
მიყვარხარ ქეთი ^^

“შოკოლადისა და პოეზიის ფესტივალი” და დავიწყებული კულტურა

May 12, 2012

თბილისის მერიისა და ორგანიზაცია „თბი-ლი-სი“-ს მიერ ორგანიზებულ ორ დღიან ფესტივალს „შოკოლადისა და პოეზიის ორდღიანი ფესტივალი“ ჰქვია და დღეს სწორედ ეს ფესტივალი მოეწყო შარდენის ქუჩაზე. სამი საათიდან ხალხი იყრიდა ამ ადგილას თავს და ელოდებოდა რაღაც კარგს და ნორმალურს. მეც ჩვეულებრივად გადავწყვიტე წავსულიყავი, გავერთობი მეთქი და წავიყვანე მეგობრები. უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. გავერთე და გადავიღე ფოტოები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღის, კვირის, თვის შემდეგ საოცარ სიამოვნებას მომანიჭებენ და გამამხიარულებენ. კარგად თუარა სასაცილოდ მაინც გამახსენებენ ამ დროს და კვლავ აღტაცებით მოვყვები მაშინდელ ამბებს. ჰო აღტაცებით მოვყვები, ოღონდ იმიტომ კი არა ვაიმე რა ფესტივალი და რა გემრიელი შოკოლადი იყო მეთქი, არამედ იმიტომ რომ ვაიმე რა უკულტურობა იყო მეთქი! ჰო, ამ ყველაფერს უკულტურობა ჰქვია.

საერთოდ დიდად განსაკუთრებულს ისედაც არ ველოდი და დაახლოებით ვიცოდი რა სიტუაციაც იქნებოდა. უბრალოდ გავერთობოდი და კიდევ ერთ დღეს გავატარებდი ძალიან ბევრ ახლობელ ბავშვთან ერთად, წასვლის ძირითადი მიზეზიც ეს იყო. რომ მივედი 15 წუთი მომიწია ლოდინი, ბოლოს შეგვიშვეს ყველა ერთად. იმ საწარმოებს შორის, რომლებიც იქ იყო წარდგენილი და რომლებიც ხალხს პირდებოდნენ უფასო დეგუსტაციას, პირველად ბარამბომ “იჩინა” თავი და ამდენი ხალხის გვერდზე არსებული დახლიდან ნაყინების სროლაც დაიწყეს ცოტახანში. შემდეგ იყო ხალხის ზემოთ აშვერილი ხელები, თავზე გადავლები, ნაყინების ჩანთაში ჩატენვები, მე, მე, მე-ს ძახილები და ა.შ. (ეს ნაყინების სროლა რაღა იყო, ცოტა ნორმალურად მოეფიქრებინათ რამე ?!)

შემდეგ სხვადასხვა დახლებთან ინაცვლებდა ხალხი. პროდუქცია მართლაც ძალიან მაგარი და მრავალფეროვანი იყო. ნამცხვრებით დაწყებული, ხილით, ყავით, შოკოლადით და წვენებით დამთავრებული. ყველა დახლთან დაახლოებით ერთნაირი სიტუაცია იყო. მაგიჟებდა ისეთი “სცენები” როდესაც ასაკში შესული ქალები მიაწყდებოდნენ დახლებს და პროდუქტს იტენიდნენ ჩანთებში. ნარჩენებს ძირს ყრიდნენ. ერთმანეთს “აჯდებოდნენ” სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეს უკულტურობაა და მეტი არაფერი. თუმცა ერთი საინტერესო ფაქტიცაა აღსანიშნავი, ასეთი უკულტურობა ძირითადად იცით როგორ ხალხში შეიმჩნეოდა ? მოხუცებში, ასაკში შესულებში, “დიდ” ქალებში და არა ჩემხელა, თინეიჯერ ბავშვებში, რომლებიც გასართობად მივიდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აქა იქ ხმებიც ისმოდა “შემდეგში უეჭველი სხვანაირად უნდა გავაკეთოთ”, “უნდა ჩაგვეკეტა ეს გასასვლელი” და ა.შ. ჩემი აზრით ასეთი რაღაცეები რამდენჯერაც მოწყობილა, სულ ასეთი სიტუაცია იყო და თავიდანვე უნდა ეფიქრათ ამაზე. უფრო ორგანიზებული უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი და გაცილებით კარგად წავიდოდა საქმე. ანდაც შეეძლოთ რამდენიმე დღით ადრე დაერიგებინათ მოსაწვევები და ფესტივალის დღეს მხოლოდ ისინი შეეშვათ. (განა ასე არ მოწესრიგდებოდა ყველაფერი თუ არა ნახევარი რამ მაინც?!) დარწმუნებული ვარ ფესტივალის მეორე დღესაც, ანუ ხვალაც, იგივე განმეროდება.

მე კი გავერთე, ვისეირნე და სურათები გადავიღე მეგობრებთან ერთად, კიდევ ერთი დღე გავხადე ცოტა მხიარული, მაგრამ ის უკულტურობა რაც იქ დავინახე უბრალოდ ამაზრზენია და ამ ყველაფრის სიამოვნებასაც ამცირებს. აი ამიტომ მოვყვები რამდენიმე თვის მერე ამ ამბავს აღტაცებით. ჰო აღტაცებით, გული რომ გწყდება ეგეთი აღტაცებით. (მერე კიდევ იტყვიან რა უკულტურო და უზნეო თაობა მოდისო. ხომ გეუბნებით ჩვენხელა ბავშვებზე ნორმალურად იქ კაციშვილი არ იქცეოდა. მხოლოდ უფროსი, ასაკიანი ხალხი იყო აქტიური ამ უკულტურობაში)

მოკლედ აი ასე იყო ყველაფერი. რამდენჯერაც ასეთ ხალხმრავალ ადგილას ვყოფილივარ, თითქმის სულ ასეთი სიტუაციაა. იმედია ოდესმე მაინც ვისწავლით ჭკუას და მეტ ორგანიზებულობას გავუკეთებთ ასეთ პროექტებს. ერთადერთი ნორმალური და მშვიდი ადგილი ამ ფესტივალზე, მხოლოდ სცენა და სცენის წინა ადგილი იყო, სადაც ხალხი ლექსებს უსმენდა და ტაშს უკრავდა. სადაც ხიბლი იცოდნენ ფესტივალის. მაგრამ ბოლოს სცენასთანაც ერთი ამბავი ატყდა, იმიტომ რომ ტორტი გამოიტანეს და “ზეეემოდან” დაიწყეს ნაჭრების დარიგება, აქაც ხალხის აშვერილი ხელები და თავზე დაჯდომები.

როცა იქიდან მოვდიოდი.. როცა წვიმდა და მე ფოტოებს ვიღებდი, გვერდით ბარში, დავინახე დამსხდარი უცხოელები, ხელზე დაყრდნობილები რაღაცნაირი თვალებით. უცებ ვიგრძენი, რომ რაღაც ჩამწყდა შიგნიდან და შემრცხვა. შემრცხვა და წამოვედი.

თქვენ კი მაინც ჯიუტად კითხულობთ, რამ გადაარჩინა საქართველო ?!

May 5, 2012

ადამიანები და ბუნება უყვარდა. მის ყველა წინადადებაში ჩანს ეს. ცოტა გიჟიც იყო. იმდენად გრძნობდა თავის მოთხრობებს, რომ ეშინოდა არ გაცოცხლებულიყვნენ. წიგნი მისთვის გუდამაყრის ხეობა გახლდათ. ხეობის ირგვლივ მყოფი მთები წიგნის ყდები იყო. მოთხრობები კი ამ საოცარ ხეობაში მომხდარი ამბები, რომლებსაც იგი ნათელს ჰფენდა და ჩვენამდე მოჰქონდა. ჰო. ჩოხელი იყო. გოდერძი ჩოხელი.

“გაზაფხული იდგა. მარტი ილეოდა. კავკასიონის მთებზე ნაადრევად შემშრალიყო თოვლი” ასე იწყეობოდა მოთხრობა “მართა”. შემდეგ კი სიტუაციას ვეცნობოდით თანდათან.

                                                                                                                                                                               

 

 

 

 

 

 

ეს ის დრო იყო , როცა ევროპის კარზე დამაშვრალი ქართველები
ამაოდ შესთხოვდნენ საქრისტიანოს შველას. საქართველოს გვირგვინოსა
ნი მეფე უკვე მერამდენე ელჩს უგზავნიდა ერთმორწმუნე რუსეთის
იმპერატორს; იმპერატორი კი სულ სხვას ფიქრობდა.
ეს ის დრო იყო, როცა საქართველო მთლიანად გაეწირნა თავის იღბალს, ხოლო ურჯულოები ისე იტაცებდნენ ქრისტიანებს, როგორც მგლები ბატკნებს.
აღმოსავლეთი წალეკვით იმუქრებოდა.
ხან ლომი ბრდღვნამდა, ხან ნამგალა მთვარე კაშკაშებდა ავის მომასწავლებლად.
სტამბოლის ბაზარზე უამრავი ქართველი ტყვე იყიდებოდა_შოლტივით მოქნეული თვალშურთხა ქალწულები, პატარა ბიჭები, შეშინებულ, უდედოდ დარჩენილ შვლის ნუკრებივით რომ აფეთებდნენ თვალებს, შეღერებული ვაჟკაცები, ბეჭბრტყელნი და კუშტად მომზირალნი, ბრაზით რომ ენთებოდათ თვალები, როცა მისი მისამართით ამბობდა თათარი:გიურჯ! გიურჯ!
ბუღი ასდიოდა სტამბულის ბაზარს.
დუმდა დამბა დადებული.
სათნოებას ქადაგებდა ევროპული საქრისტიანო.
თავისას ფიქრობდა იმპერატორი.”

განწირულ ტყვეებს რომლებიც ლეკებს მიჰყავდათ, ერთადერთი სურვილიღა ჰქონდათ დარჩენილი. “ეს უღელტეხილი ჰყოფდა საქართველოს დაღესტნისაგან. ამ მთას საქართველოს გადმოსახედს ეძახდნენ აქაურები. ამბობდნენ ტყვეები ცდილობდნენ აქედან კიდევ ერთხელ გადმოეხედათ საქართველოსთვის, რადგან ვინ იცის, იქნება უკან ვეღარც დაბრუნებულიყვნენ ვერასოდეს”.

მართა თავის დასთან ერთად ბრუნდებოდა სახლში. მამის დასაფლავებაზე იყვნენ წასულები და ახლა ქმრის ოჯახში ბრუნდებოდნენ. ქმარიც აღარ ჰყავდა მართას.. სახლამდე კი შიშით მიდიოდნენ. წინ დიდი გზა უნდა გაევლოთ.

მოულოდნელად ტყეში ერთი ლეკი გამოჩნდა ნაბადით ხელში. შემდეგ ირგვლივ სხვებიც გამოჩნდნენ და გულწასული მართა და მისი და – მარეხი მოიტაცეს. მეორე დღით უფრო შეამჩნიეს ლეკებმა დების სილამაზე და დავა დაიწყეს იმაზე თუ ვინ ვის მოიყვანდა ცოლად. ცოლად თუ მოიყვანდნენ, მაშინ ქალებს რჯული უნდა შეეცვალათ. მართა და მარეხი ერთმანეთს დააშორეს. მარეხი იმდენად იყო გამწყრალი ღმერთზე, იმის გამო რომ ასეთ სიტუაციაში ჩავარდა, რომ ბოროტმა სძლია და რჯული უარყო. ცოლად გაჰყვა ერთ-ერთ ლეკს. მართა კი მყარად იდგა თავის არჩევანზე და ქრისტეს არ ჰღალატობდა. მართა თავისი გარდაცვლილი ქმრისგან ორსულად იყო და ბოლო თვეში გახლდათ. მართას მარეხიც კი შეუგზავნეს იქნებ რამე მოაფიქრებინოს, რომ რჯული შეიცვალოსო. მაგრამ ამ დროს მარეხი ამბობს შემდეგ სიტყვებს: “იქნებ როგორმე შეძლო რჯულის შენარჩუნება. სხვანაირად ამაოა ყველაფერი”. მართას ორსულობის გამო აღარ უკრძალავდნენ სიარულს სხვაგან. ერთხელ ერთ როდესაც ღამით გარეთ იყო ერთმა ქალმა შეამჩნია და თავისთან მიიყვანა. ქალი მზრუნველი აღმოჩნდა და მართას სიბნელეში მარტოდ მარტო გაჩენილ ბავშვსაც უვლიდა. მართა ამ დროის განმავლობაში გაქცევის გეგმას იმუშავდებდა. ერთ ღამეს შესაფერის მომენტში კი გაიქცა კიდეც. აქ თითქოს კითხვა გვებადება თუ როგორ დატოვა მან ბავშვი, მაგრამ პასუხს წიგნშივე ვპოულობთ. “მართა საფიქრალს მისცემოდა. თუ ტყვეობას თავს დააღწევს, კარდაკარ შემოივლის საქართველოს და ხვეწნა-მუდარით შეაგროვებს შვილის გამოსასყიდ ფულს.. თუ არ გაიქცევა ან რჯული უნდა უარყოს ან ღმერთმა იცის, სად გაჰყიდიან. ცოტა მარეხის იმედი აქვს. უფრო მეტად – მასპინძელი ქალის.”
მართა გაიქცევა… რამდენიმე დღე ირბენს.. მაგრამ…

მართას სახით ჩოხელმა კვლავ გაგვიცოცხლა მაშინდელი ქართული სული, რომელსაც დღეს თანდათანობით ვკლავთ და ვაქრობთ. გაგვიცოცხლა მაშინდელი ძლიერი გრძნობები და განცდები. მაშინდელი ქართველი ქალები. მაშინდელი ყოფა, ვითარება და ქართული გენი. ჰო, გაგვიცოცხლა და…

იმ ლეკმა, აქედან გატაცებისას რომ აკოცა მართას, ქვასთან ჩაიმუხლა, თოფი დაუმიზნა და ისეთივე გახელებით გამოსწია ჩახმახს, როგორი გახელებითაც მის ტუჩებს დაეწაფა ერთ დროს.
ზუსტი გამოდგა მისი ნასროლი.
- ვაი, შვილო! – აღმოხდა მართას და შეტორტმანდა. უნდოდა უკან მიხედვა, მაგრამ წინ საქართველო იყო.
მთაზე მდგარი ქარისაგან დაძრულ ლერწამივით ქანაობდა და მანამდე გადაჰყურებდა მშობლიურ მთებს, სანამ რაიმეს დანახვა კიდევ შეეძლო მის თვალებს.
მერე წინ გადაქანდა მოწყვეტით და საქართველოს მხარეს თავგადახრილი მიწას ჩაებღაუჭა.

შემდეგ ჟრუანტელი მთელ ტანში.. ცრემლნარევი თვალებით ძლივს გარჩეული ნაწერები.. და დასმული შეკითხვა

“თქვენ კი მაინც ჯიუტად კითხულობთ: – რამ გადაარჩინა საქართველო ?!”

აზრები, პარადოქსები, ადამიანები

May 2, 2012

რაც დრო გადის, რაც უფრო ვიზრდები და უფრო მეტად ვფიქრდები რაღაცეებზე.. რაც უფრო ვგრძნობ იმას რომ ნელ-ნელა რეალისტ ადამიანად ვყალიბდები.. მით უფრო მაოცებს თითქმის ყოველი დეტალი, რაც ზოგადად ადამიანს ეხება. მაოცებს ის თუ როგორი ამოუცნობი, მოულოდნელობებით სავსე და რაღაცნაირია ის. ალბათ ასე იმიტომ ვარ, რომ ძალიან მიყვარს მათზე დაკვირვება. ჩემს ირგვლივ კი იმდენნაირი ადამიანია, რომ ძნელია ეს დეტალები შეუმჩნეველი დაგრჩეს და უბრალოდ არ გაოცდე.

ჩემი მეგობრებიდან ყველა სხვადასხვანაირია და მე ამ სხვადასხვანაირ ადამიანებში ვპოულობ უამრავ საერთოს, მაგრამ ხანდახან ისეთ მოულოდნელ რაღაცეებს ვისმენ ხოლმე მათგან , რასაც ალბათ ვერასდროს ვიფიქრებდი. ეს არ მაბრაზებს.. პირიქით უფრო და უფრო ინტერესს მიღვივებს იმ ადამიანისადმი. მოკლედ ძალიან არეული ვარ. ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი მოწესრიგდა, მაგრამ როგორც ჩანს არა.. ჯერ კვლავ მოწესრიგების და დალაგების პერიოდშია. იცით ახლა როგორ ვარ? აი “დორიან გრეის პორტრეტს” რომ წაიკითხავს ადამიანი და რომ აღარ იცის ლორდ ჰენრის პარადოქსებს აჰყვეს თუ ბეზილის უბრალო ფრაზებს… (დორიანი არ მიყვარს და ამიტომ არაფრად ვთვლი მის მოსაზრებებს და დასკვნებს).. ჰო მართლა მასე ვარ. ირგვლივ სულ უამრავი აზრები, წინააღმდეგობები, პარადოქსები.. აბდაუბდები.. და გაურკვევლობა, რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თუმცა არა მარტო ეს. ჩემს თავსაც ხომ ვაკვირდები ხშირად.. ჰოდა ახლაც მაქვს ეგ პროცესი და უფრო და უფრო ვამახვილებ ყურადღებას ნაკლებზე. ახლა მივხვდი, რომ კი.. წყენა უცებ მავიწყდება და გულში არაფერს ვიტოვებ, მაგრამ მაინც არ შემიძლია ასე ადვილად გავაგრძელო იგივენაირად ლაპარაკი, როგორც ვთქვათ ჩხუბამდე იყო. კიდევ ბევრ რამეს მივხვდი, მაგალითად იმას, რომ მიზნის მისაღწევად ბევრს არაფერს ვაკეთებ. კიდევ იმას, რომ ინტერნეტის გარეშე ჩემი დღე საერთოდ სხვანაირი, ვგულისხმობ, რომ გაცილებით კარგია.. ახლა მხოლოდ ზაფხული მინდა და დასვენება. მეტი დრო.. მეტი დრო ფიქრისთვის, დაკვირვებისთვის, წიგნებისთვის.. ხატვისთვის და ჩანაწერების გაკეთებისთვის დღიურში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს. შეიძლება არეული პოსტიც გამოვიდა, რადგან ამ წუთებში რაც მეფიქრებოდა თითქმის ყველაფერი ერთდროულად დავწერე.. გავაგძელებ ახლა ბირდის “Shelter”-ის მოსმენას..

Read more…